საოკუპაციო ძალების 4-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული გელა გოჭოშვილი მედიასთან ამბობს, რომ ის სოფელ ახმაჯიდან ბრუნდებოდა, როცა ოკუპანტებმა დააკავეს.
მისი თქმით, საზღვრის კვეთის გარდა კონტრაბანდის გადატანასაც ედავებოდნენ, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
"სოფელი ახმაჯიდან გადმოვდიოდი, ბიძაჩემთან ვიყავი, იქიდან გადმოვდიოდი და დამაკავეს. წამლები გადავიტანე და გადმოვდიოდი და ჩამაგდეს ციხეში.
კონტრაბანდას მედავებოდნენ. 3 კოლოფი სიგარეტი მქონდა და მაგ 3 კოლოფის გამო მასამართლებდნენ“, - განაცხადა გოჭოშვილმა.
ე.წ. სასამართლომ გელა გოჭოშვილს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მისი თქმით, სასჯელი 6 თვემდე შეუმცირეს, საბოლოოდ კი 4 თვეში გაათავისუფლეს.
გელა გოჭოშვილის თქმით, ციხეში მასზე არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრობისას სხვა დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს არ შეხვედრია და მათზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
ოკუპანტების მიერ 14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი დღეს გაათავისუფლეს.